კორპორაცია Coca-Cola ჩრდილო ამერიკულ კომპანია Coca-Cola Enterprises-ს შეიძენს. გარიგების ღირებულება სავარაუდოდ 13-15 მლრდ დოლარს შეადგენს. ამ ნაბიჯის შემდეგ Coca-Cola-ს ბიზნესი გაცილებით მოქნილი იქნება და კომპანია სასმელის გავრცელების უკეთ გაკონტროლების შესაძლებლობას მიიღებს.
ამ ნაბიჯით Coca-Cola უარს ამბობს საუკუნეზე დიდი ხნის ტრადიციაზე, რომელიც კონცენტრატის წარმოებასა და ჩამოსხმის ცალ–ცალკე წარმოებას გულისხმობს. იგივე ნაბიჯი შარშან გადადგა კომპანიის მთავარმა კონკურენტმა PepsiCo–მ, რომელმაც თავისი ორი ამერიკული ბოთლერი შთანთქა.
Coca-Cola Enterprises-ი ჩრდილოეთ ამერიკის უმსხვილესი კომპანიაა. ამ დროისათვის კომპანიაზე აშშ-ში Coca-Cola-ს გაყიდვების 42 პროცენტი მოდის.
გარიგება ახალ სტრატეგიაზე გადასვლას ნიშნავს, მოქმედი სტრატეგია კი გულისხმობდა სასმელების კონცენტრატისა და ჩამოსხმის ოპერაციების განცალკევებას: ამჟამად კომპანია საკუთარ კონცენტრატებსა და სიროფს ლიცენზირებულ ბოთლერებზე ყიდის, ეს უკანასკნელნი კი მას წყალსა და სხვა ინგრედიენტებს ურევენ, ასხამენ ბოთლებში და რეალიზაციასაც ახდენენ. ამჟამად მსოფლიოში „კოკა კოლას“ ათამდე მსხვილი და რამდენიმე უფრო წვრილი ბოთლერი კომპანია არსებობს.
1886 წელს დაარსებული Coca-Cola მსოფლიოში უალკოჰოლო სასმელების უმსხვილესი მწარმოებელია. ამასთან, იგი მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ბრენდია.


