ეკონომიკის სამინისტრო ქართველი ფეხბურთელის კახი კალაძის "კალა კაპიტალთან" დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირის ბოლომდე მიიღებს. როგორც "პირWელს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, კალაძესთან მოლაპარაკებები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს. "ვითვალისწინებთ ეკონომიკურ კრიზისს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ვცდილობთ, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ არც სახელმწიფომ იზარალოს და არც ინვესტორმა. როგორც ცნობილია, 3 მარტს საქართველოსა და ესტონეთს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება და იმ დროისთვის, ბუნებრივია, კახი კალაძეც ჩამოდის. საბოლოო გადწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მიიღებს", - განუცხადეს "პირWელს" სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის დეკემბრის ბოლოს, კახი კალაძის საქართველოში ვიზიტისას ფეხბურთელი ეკონომიკის მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს პირადად შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა "კალა კაპიტალში" შემავალი "არსენალ დეველოპმენტის" 19 მილიონიანი დავალიანება იყო. 2008 წელს "არსენალ დეველოპმენტმა" ყოფილი არსენალის მთაზე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 38 მლნ დოლარად იყიდა. კომპანიას "არსენალ სითის" პროექტი უნდა განეხორციელებინა, რომელიც არსენალის ტერიტორიაზე საცხოვრებელი და კომერციული ფართების, სამთავრობო სტრუქტურების, ასევე გასართობი ობიექტების მშენებლობას გულისხმობდა. პროექტის განხორციელება კალაძეს 2010 წლიდან უნდა დაეწყო, თუმცა გასულ წელს მან ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით მიმართა, პროექტის დაწყება 2 წლით გადაევადებინა. მაშინ ინვესტორმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრისგან მტკიცე უარი მიიღო.


