კომპანია "ყაზბეგის" პრეზიდენტი გოგი თოფაძე ერაყში მიიწვიეს. როგორც "პირWელს" "ყაზბეგიდან" აცნობეს, ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიწვევით თოფაძე დღეს ქალაქ ერბილში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ მთავრობას ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების წარმოების შესახებ კონსულტაციებს გაუწევს.
"თანამშრომლობის რა ფორმაზე შევთანხმდებით მომავალში, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. შესაძლოა, ეს იყოს ერთობლივი წარმოება, ან ჩვენი ტექნიკური პერსონალი და ტექნოლოგები გარკვეული დროით ერაყში გავაგზავნოთ. ვიცი, რომ ერაყის ჩრდილოეთ პროვინციებში "ყაზბეგის" პროდუქცია დიდი მოწონებით სარგებლობდა. ერაყის ქურთისტანის მთავრობა დაინტერესებულია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური არომატიზატორებით დამზადებული პროდუქციის წარმოებით, ამიტომ შესაძლოა, მათ "ყაზბეგის" არომატიზატორები შეიძინონ", - განაცხადა თოფაძემ. ერაყში კომპანია "ყაზბეგის" პროდუქციას 2003 წლიდან იცნობენ. "ყაზბეგი" ერთადერთი ქართული კომპანია იყო, რომელიც თურქულ გადამზიდავ კომპანია "ტეტასთან" პარტნიორობით ომის შემდგომ ერაყში 8 სახეობის ლუდისა და 5 სახეობის გამაგრილებელი სასმელის ექსპორტს ახორციელებდა. ცნობისთვის, ერაყის ქურთისტანი ფედერალური ერაყის ფარგლებში ფართო ავტონომიას ფლობს. ის ერაყში ამჟამად ყველაზე მშვიდი და ეკონომიკურად სწრაფად მზარდი რეგიონია.


